გამოფენა ,,გაცოცხლებული ისტორია"

23 აპრილი 2016
Share

2016 წლის 26 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა - „გაცოცხლებული ისტორია".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება  მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ებრაული კულტურის ამსახველი 100-მდე ექსპონატი. 2014-2015 წლებში, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა როტშილდის ფონდის ფინანსური თანადგომით განახორციელა პროექტი, რომელიც ამ ექსპონატების აღდგენა-კონსერვაციას ითვალისწინებდა. ექსპონატებს შორისაა შალომ კობოშვილისა და დავით გველესიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ძველი სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები და სხვა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და როტშილდის ფონდს შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან დაიწყო. როტშილდის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტი პროექტისთვის „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში" საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია. გრანტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ჩათვლით გაგრძელდება, ასევე გათვალისწინებულია Google Cultural Institute-თან და European Cultural Institute-თან თანამშრომლობა და კოლექციებით ვირტუალური მუზეუმის შექმნა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის  და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმებში ებრაული კულტურის ამსახველი მდიდარი კოლექციაა დაცული. ბოლო ათი წლის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს მათი მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, რესტავრაცია-კონსერვაცია, არაერთხელ მოეწყო გამოფენა და გამოიცა ოთხი კატალოგი. 2014 წელს რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გახსნის შემდეგ მუზეუმში წარმოდგენილია ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი.

პროექტის ავტორი და კოორდინატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა წიწუაშვილი.

გამოფენა „გაცოცხლებული ისტორია" 2016 წლის 11 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

როტშილდის ფონდი

როტშილდის ოჯახი ევროპელ ებრაელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოჩენილია. მათი გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. მე-19 საუკუნეში როტშილდების დინასტია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი გახდა. მათი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ მონარქებისა და სახელმწიფოების ბანკირები, სახვითი ხელოვნების უმდიდრესი კოლექციონერები. დინასტიის წარმომადგენელი მაიერ ამშელი საბანკო ბიზნესის დამაარსებელი გახლდათ, მან გააგზავნა ხუთი ვაჟიშვილი ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტში, ვენასა და ნეაპოლში საგვარეულო ბიზნესის დასამკვიდრებლად. როტშილდების გერბის ხუთი ისარი ამ ფაქტზე მიანიშნებს. ლორდ როტშილდის ოჯახი ეწევა ფილანთროპიულ მოღვაწეობას სამი ძირითადი მიმართულებით: Rothschild Foundation ფოკუსირებულია დიდ ბრიტანეთზე, სადაც ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ფართომასშტაბიან საქველმოქმედო საქმიანობას ახორცილებს.

ისრაელში Yad Hanadiv აგრძელებს პალესტინაში ისრაელის მხარდაჭერას, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბარონ ედმონდ დე როტშილდმა წამოიწყო. გრანტების სახით მოიცავს ბუნებრივი პარკებისა და მემორიალური ბაღების მხარდაჭერას, ეროვნული ბიბლიოთეკის დაგეგმარებას, როგორც 21-ე საუკუნის ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული ბიბლიოთეკა. Rothschild Foundation (Hanadiv) Europe მხარს უჭერს ინიციატივებს  მთელ ევროპაში და აგრძელებს ოჯახის ფილანთროპიულ საქმიანობას, იცავს ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობას, გასცემს სტიპენდიებსა და ხელს უწყობს ებრაულ ცხოვრებას ევროპაში.        

www.rothschildfoundation.eu