გამოფენა ,,ნუმიზმატიკური საგანძური"

04 მარტი 2016
Share

2016 წლის 10 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ნუმიზმატიკური საგანძურის გახსნაზე.  

საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის. კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ძვ.წ. VI საუკუნეში იწყება მონეტების მოჭრა და ფულის მიმოქცევა.

ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია  საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.  

ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი საზოგადოებას, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარვუდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო  ნუმიზმატიკურ კოლექციას.    

დამთვალიერებლისთვის გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობთ იწყება, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა წონის და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი. აღნიშნული ნივთები უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა. 

გამოფენაზე წარმოდგენილია 3,500-მდე მონეტა. მათ შორისაა კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკეს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს  ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, ჯაფარიანების თბილურ დირჰემებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის უნიკალურ დრამას, გიორგი IV ლაშას უნიკალურ სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა. 

გამოფენის მხარდამჭერია „ლიბერთი ბანკი".

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.