გამოფენა "ტრამალი"

02 მარტი 2016
Share

2016 წლის 11 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ბრიტანელი მხატვრის აიგანა გალის გამოფენის გახსნაზე - „ტრამალი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 26 დიდი ზომის ფერწერული ტილო, რომელიც ერთიანდება ყაზახეთის თემაზე შექმნილ სერიაში ,,ტრამალი".

ბრიტანელი მხატვარი აიგანა გალი წარმოშობით ყაზახეთიდან არის, სადაც მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2003 წელს, რის შემდეგაც მხატვარი აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა მხატვრად ყაზახეთის თანამედროვე ხელოვნებაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. ამჟამად აიგანა გალი ლონდონში მოღვაწეობს.

გამოფენა „ტრამალი" წარმოადგენს შთამბეჭდავ სანახაობას, სპეციალურად გამოფენისთვის  ტიტულოვანმა BBC-ის კომპოზიტორებმა, ოლივერ ბეჟადიმ და ჯიმი გრინმა შექმნეს თურქული და აზიური თანამედროვე მუსიკის მიქსი. დამთვალიერებელი ფერწერისა და ხმის შერწყმით შექმნილი ექსპოზიციის მეშვეობით მოხვდება ექსტრაორდინალურ სამყაროში.

აიგანა გალი თავის შემოქმედებაში უკუაგდებს ადამიანის მიერ გამოუყენებელ ქმნილებებს და ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითადზე, რაც დროს გადაურჩა - ყაზახეთის ტრამალი. ტრამალი ისტორიულად მომთაბარე ტომთა სამშობლოა, რომელიც ღრმა ტრადიციებით, ლეგენდებით, მისტიკური შამანიზმითა და საოცარი პეიზაჟებით არის აღსავსე. მხატვარი ამბობს: „მე ვარ შვილი ტრამალისა. როდესაც შენს ირგვლივ თვალუწვდენელი და უნაყოფო მიწებია, გეუფლება ღრმა გრძნობა სიცარიელისა, მაგრამ ეს არის სრულყოფილი „სიცარიელე". საკუთარი თავის შეცნობა მაშინ, როდესაც ჩაფლული ხარ იქ, სადაც მხოლოდ აზრები ავსებენ გარემოს არის შესაბამისობის შეგრძნება შენს პიროვნებასა და ამ უზარმაზარ სიცარიელეს შორის. ამ სერიის ნამუშევრები არ ასახავენ არც კონკრეტულ სივრცეს და არც ზუსტ პეიზაჟს. თითოეული ნამუშევრის  კონტურების სავარაუდო ფორმის არსებობა, ფერი და განწყობა სინათლის ზემოქმედების შედეგად მუდმივ ცვალებადობაშია".

აიგანა გალი მხატვარ ოლეგ პისჩევის მოსწავლეა. იგი სახვით ხელოვნებას სწავლობდა ალმა-ატის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს მან სოტბის ხელოვნების ინსტიტუტის ხელოვნებადმცოდნეობის მაგისტრის წოდება მიიღო. პარალელურად მუშაობდა ყაზახურ-ბრიტანულ სამხატვრო საბჭოში სახვითი ხელოვნების მრჩეველად. მხატვრის 100-ზე მეტი ნამუშევარი დაცულია ევროპის, რუსეთისა და ყაზახეთის საჯარო და კერძო კოლექციებში.

გამოფენა 2016 წლის 27 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.