ფარჰად ხალილოვის ნამუშევრების გამოფენა

24 თებერვალი 2016
Share

2016 წლის 1 მარტს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის გამოფენის გახსნაზე.  

ფარჰად ხალილოვი თანამედროვე ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მან შეძლო საბჭოთა იდეოლოგიისაგან თავისუფალი, საკუთარი სტილის შექმნა და კავკასიელის მდიდარი ბუნებისა და შინაგანი სამყაროს საინტერესო კუთხით წარმოჩენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული ტილოები.

ფარჰად ხალილოვს დღემდე არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა ლონდონში (საათჩის  გალერეა), ბერლინში (საქალაქო ადმინისტრაციის გალერეა), მოსკოვში (მხატვართა ცენტრალური სახლი და ტრეტიაკოვის სახელმწიფო  გალერეა), ბაქოში (სახელმწიფო მუზეუმების  ცენტრი), პარიზში (La Cite Internationale des Arts).  ასევე,  მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე ჯგუფურ გამოფენაში.

მისი ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ლიტვის, გერმანიის, ჩინეთის სახელმწიფო მუზეუმებისა და აზერბაიჯანის  მხატვართა საერთაშორისო კონფედერაციის კოლექციებში. ასევე, აშშ-ს, გერმანიის, პოლონეთის,  საფრანგეთის და მექსიკის კერძო კოლექციებში.

ფარჰად ხალილოვი 1987 წლიდან დღემდე აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა.  მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. დღეს, მისი ნამუშევრები იყიდება სოტბისა და ფილიპ დე პიურის აუქციონებზე.

აღნიშნული გამოფენა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა.

გამოფენის მხარდამჭერია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.  

გამოფენა 2016 წლის 21 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართიდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეარუსთაველის გამზირი 11.