გამოფენა – გიგა დათუაშვილი 1976-2000

16 თებერვალი 2016
Share

22 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ მხატვარ გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე. ექსპოზიცია ავტორის დაბადებიდან ორმოც წელს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ეკუთვნის 90-იანი წლების მიწურულს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურული პერსონაჟების ინტერპრეტაციების ამსახველი გრაფიკული სერიები; ტემპერის საღებავებით შესრულებული კომპოზიციები; აკვარელით, ფანქრით თუ კალმით შესრულებული პორტრეტული ჩანახატები.

გიგა დათუაშვილმა ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლისას მიიღო. აკადემიის დასრულების შემდეგ უანგაროდ ასწავლიდა ხატვას ძეგვის ბავშვთა სახლში. მონაწილეობდა არაერთი ტაძრის მოხატულობების სარესტავრაციო სამუშაოებში.

2000 წელს, 24 წლის ასაკში გიგა დათუაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ავტორის ნამუშევრები და ხელნაწერები ინახება მისი ოჯახის კერძო კოლექციაში. 

გამოფენა 2016 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსაველის გამზირი 11.