გამოფენა ,,კედელი, კედელი და სხვა”

05 თებერვალი 2016
Share

12 თებერვალს 16:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ უკრაინელი მხატვრის მატვეი ვაისბერგის გამოფენაზე ,,კედელი, კედელი და სხვა".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე შექმნილი 100 ნამუშევარი, რომლებიც რამდენიმე სერიაშია გაერთიანებული. ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა ,,კედელი 28.01. - 08.03.2014", რომელიც ავტორმა 2014 წელს, კიევში მაიდანზე მომხდარ მოვლენებში უშუალო მონაწილეობის შემდეგ შექმნა. აღნიშნული ნამუშევრები სხვადასხვა დროს იყო გამოფენილი უკრაინაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სერიები: ,,იუდეას უდაბნო" (2001), ,,კედელი" (2011) და ჯოტოს „ალეგორიები". ამ სერიებში გაერთიანებული ნამუშევრები შთაგონებულია იერუსალიმით, ჰალს ჰოლბეინის გრავიურებითა და სცენებით თანახიდან, რომლებიც ძველი აღთქმის ქრისტიანული ინტერპრეტაციით არის შექმნილი.

მატვეი ვაისბერგი უკრაინელი მხატვარი, ილუსტრატორია. ის ცნობილია როგორც თავისი ფერწერული ტილოებით, ისე გრაფიკული ნამუშევრებითა და წიგნის ილუსტრაციებით. 1990 წელს ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო პოდოლის ხელოვნების მუზეუმში (კიევი). ამ დროისათვის 50-ზე მეტ როგორც პერსონალურ, ასევე ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული ისეთ მუზეუმებში როგორიცაა: ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (კიევი), რუსული მხატვრობის კიევის ეროვნული მუზეუმი (კიევი), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ოდესაში (ოდესა), ჩერკასის ხელოვნების მუზეუმი (ჩერკასი), ბერლინის კედლის მუზეუმი (ბერლინი), უკრაინის ინსტიტუტი ამერიკაში (ნიუ ორკი), ევროპის სახლი (ლონდონი) და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი (ვარშავა). ავტორის ნამუშევრები დაცულია კიევის, ვილნიუსის, ბერლინის, ჩიკაგოსა და ბერკლის სხვადასხვა მუზეუმებში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელს უწყობს უკრაინული ხელოვნების წარმოჩენას საქართველოში. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთ მცდელობას.

გამოფენა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გალერეა „ვანდასა" და კიევის არტ გაერთიანება „დუკატის" მიერ. გამოფენის მხარდამჭერები არიან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის საელჩო საქართველოში და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები „მაუ".

გამოფენა 2016 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობით ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.