გალერეა ,,მაგის" შარფები

03 თებერვალი 2016
Share

2016 წლის 12 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გალერეა ,,მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენაზე. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე აბრეშუმის შარფი ,,მაგის“ კოლექციიდან. თითოეული მათგანი ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი. მათ შორის ისეთი მხატვრების მიერ როგორებიც არიან: ჟორჯ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნანდ ლეჟე, ერიკ დიეტმანი, ანტონი ტაპიესი და სხვა. მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც განაპირობებს ამ შარფების უნიკალურობას.

მარგარეტ და ემე მაგების ფონდი დაფუძნდა მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად. მუზეუმი მოიცავს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრაფიკის კოლექციას. 

აღნიშნული ექსპოზიცია ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. გამოფენა მიზნად ისახავს, ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ქართული სახელოვნებო სივრცის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას. 

გამოფენის პარალელურად გაიმართება მასტერკლასი სასტუმრო „რუმს თბილისში“, რომელსაც წარუძღვება მაგების ოჯახის წარმომადგენელი. ასევე, პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე. 

გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში, სასტუმროების ქსელი ,,რუმსი" და ნავთობკომპანია ,,გალფი''.

გამოფენა 2016 წლის 23 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.