გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია ,,შალვა ქიქოძე 120"

21 დეკემბერი 2015
Share

2015 წლის 25 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  გამოფენასა და წიგნის პრეზენტაციაზე ,,შალვა ქიქოძე 120".

შალვა ქიქოძის პერსონალური გამოფენა ასწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართება. გამოფენილ ნამუშევართა უმეტეს ნაწილს ქართული საზოგადოება პირველად იხილავს. ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კერძო კოლექციებიდან.  

შალვა ქიქოძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.

გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ხელოვანზე, რომლის მემკვიდრეობაც მოიცავს არა მარტო მის მხატვრობას, არამედ მის წერილებს  თანადროულ ქართულ ხელოვნებასა და მის მომავალზე, პარიზულ და ზოგადად ევროპულ კულტურაზე, საქართველოსა და ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ამონარიდებს მისი მიმოწერიდან იმდროინდელ ცნობილ და მისთვის ახლობელ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, გერონტი ქიქოძესთან და სხვა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება შალვა ქიქოძის წიგნი-ალბომის „შალვა ქიქოძე 120" პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მონოგრაფიის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ირინე აბესაძე. გამოფენის კურატორები: მაია ციციშვილი, ირინე აბესაძე, ნინო ჭოღოშვილი

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამები
ბავშვებისათვის. 

გამოფენა 2016 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.