ჟანი მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა

14 დეკემბერი 2015
Share

2015 წლის 16 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე.

ჟანი მეძმარიაშვილი (1925-1989) საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწეა იმ თაობის („ორმოცდაათიანელებს") წარმომადგენელია, რომელსაც ქართული სახვითი ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია შემოქმედების ასპარეზზე გამოსვლა. მათ პირველად აიმაღლეს ხმა თავისუფალი, ინდივიდუალური ხედვის და შემოქმედების უფლებაზე.

სხვადასხვა წლებში ჯანი მეძმარიაშვილი არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავჯდომარის მოადგილედ, მოგვიანებით დაინიშნა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის დირექტორად, სადაც ახალგაზრდა ქართველ მხატვართა არაერთი თაობა აღიზარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი) შესრულებული 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის და კერძო კოლექციებიდან.

ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის შემოქმედების ყველა ძირითად ეტაპს, დაწყებული სტუდენტობის პერიოდიდან (1940-იანი წლები) მოღვაწეობის ბოლო წლებამდე.  

გამოფენა 2016 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. 1.