ცნობილი გერმანელი მეცნიერის ლექცია „კულტურათა კავშირი: ჰომინიდი, ადამიანი და მუზეუმი"

25 ნოემბერი 2015
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების მონაწილეობით და გთავაზობთ ფრანქფურტის ზენკენბერგის მუზეუმის წამყვანი მეცნიერის, პროფესორ ფრიდმან შრენკის საჯარო ლექციას „კულტურათა კავშირი: ჰომინიდი, ადამიანი და მუზეუმი".

პროფესორი შრენკი პალეოანთროპოლოგიის სფეროს ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი მეცნიერია. მან გამოიკვლია ჰომოს გვარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, განსაკუთრებით კი ჰომინიდების მიგრაციის კორიდორი მალავიში. მის სახელთანაა დაკავშირებული მალავიში 2,3-2,5 მლნ წლის ჰომინიდის ქვედა ყბის აღმოჩენა. ის წლების მანძილზე ხელძღვანელობდა დარმშტადის მუზეუმს. ლექციის ფარგლებში პროფესორი შრენკი განიხილავს ბიო-კულტურის ევოლუციას აფრიკაში და ადრეულ ადამიანთა მიერ კავკასიის ექსპანსიის მოდელებს.

2000 წლიდან ფრიდმან შრენკი ფრანქფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ეკოლოგიის, ევოლუციისა და ბიო-მრავალფეროვნების ინსტიტუტის პროფესორი და ზენკენბერგის კვლევითი ინსტიტუტის პალეოანთროპოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. გარდა კვლევითი მიღწევებისა, პროფესორმა დააფუძნა მუზეუმი და კვლევითი ცენტრი მალავიში. ასევე, საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო სასკოლო პროგრამას "ჰომინიდები".

პროფესორი ფრიდმან შრენკი არის პროექტ ROCEEH-ის (ადამიანთა ადრეულ ექსპანსიაში კულტურის როლი) ერთ-ერთი დირექტორი და 2016 წელს, თბილისში დაგეგმილი ჰომო ერექტუსის კონფერენციის თანაორგანიზატორი. ლექციის ფარგლებში, ის აგრეთვე ისაუბრებს მუზეუმის თანამშრომლობის ახალ პროექტზე, რომელიც გულისხმობს მალავის, გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთა დამთვალიერებლების ვირტუალურ დაკავშირებას.   

ღონისძიების პარტნიორია National Geographic საქართველო

ლექცია გაიმართება 30 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ.1.