საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“

05 ნოემბერი 2015
Share

2015 წლის 7-9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაპოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები".

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელდა მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსზე გადასვლასა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან. ყველა რადიკალური ცვლილება, რაც მეტნაკლებად შეეხო ამა თუ იმ სფეროს, კრიტიკულად აისახა კულტურული მემკვიდრეობისა და განსაკუთრებით, სამუზეუმო საქმის შემდგომ განვითარებაზეც. აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამუზეუმო საქმის განვითარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა, მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა სივრცის ბევრ მუზეუმს კვლავ არაერთი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა გააჩნია. პრობლემათა ეს სპექტრი მოიცავს არა მხოლოდ მწირ სახელმწიფო დაფინანსებას ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობას, არამედ დაკავშირებულია სხვა, არანაკლებ მწვავე საერთო პრობლემებთან, რაც ჯერჯერობით არ არის სათანადოდ შესწავლილი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მოწვეული სპიკერები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მუზეუმებიდან.

კონფერენციის თემატიკა გაანალიზებს ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში არსებული მუზეუმების დღევანდელ მდგომარეობას, აუდიტორიას გააცნობს აღმოსავლეთ ევროპის რიგი მუზეუმების გამოცდილებას წარმატებული სამუზეუმო რეფორმის განხორციელების მიმართულებით, მიმოიხილავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მუზეუმებში არსებული აქტუალური მნიშვნელობის მქონე პრობლემებს და დასახავს მათი გადაჭრის გზებს, საფუძველს ჩაუყრის ერთიანი საკომუნიკაციო ქსელის შექმნას - აქტიური თანამშრომლობის პროცესს ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.

კონფერენციის სესიებზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.