გამოფენა ,,სამეულის სცენოგრაფია"

04 ნოემბერი 2015
Share

2015 წლის 7 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ,,სამეულის" - ოლეგ ქოჩაკიძის, ალექსანდრე სლოვინსკისა და იური ჩიკვაიძის სცენოგრაფიის გამოფენას.

ექსპოზიცია ეძღვნება შემოქმედებითი ჯგუფის „სამეული" წევრების 80 წლის იუბილეს.

„სამეულის" გამოფენას ეროვნულმა გალერეამ პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში უმასპინძლა.

ექსპოზიციაზე, ამჯერად წარმოდგენილია „სამეულის" თეატრისა და კინოს მხატვრობის 200-მდე ესკიზი, კოსტიუმი, მაკეტი და პლაკატი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და ავტორთა პირადი კოლექციებიდან.

1957 წელს არქიტექტურის ფაკულტეტის სამივე სტუდენტი ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა, რამაც ბიძგი მისცა ჯგუფი ,,სამეულის" ჩამოყალიბებას.      

არქიტექტურასთან ერთად „სამეული" დიდ დროს უთმობდა სახვით ხელოვნებას - ფერწერასა და გრაფიკას. ჯგუფი 1959 წელს სამუშაოდ მიიწვიეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ხოლო 1961 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1976 წლიდან ჯგუფი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვრის მოვალეობას ასრულებდა.

„სამეულის" სცენოგრაფიული მოღვაწეობის დასაწყისი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ახალი სტილის ძიებას დაემთხვა. „სამეულმა", რომელიც თეატრის მხატვართა ე.წ. ახალ ტალღას მიეკუთვნება, პირველმა შესთავაზა რეჟისორებს სცენური სივრცის ახლებური გააზრება.

1989 წელს ოლეგ ქოჩაკიძეს, ალექსანდრე სლოვინსკისა და იური ჩიკვაიძეს საქართველოს სახალხო მხატვრის საპატიო წოდება მიენიჭათ. 1991 წლიდან „სამეულის" თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად დაიწყო მოღვაწეობა. იური ჩიკვაიძე 2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

„სამეულის” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მონოგრაფია ,,სამეულის თეატრი" (ავტორი დავით ანდრიაძე). 

გამოფენა 2015 წლის 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: . შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.