მალხაზ კუხაშვილის პერსონალური გამოფენა

04 ნოემბერი 2015
Share

2015 წლის 5 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ მალხაზ კუხაშვილის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.     

მალხაზ კუხაშვილი არის კინოსა და ტელევიზიის მხატვარი, გრაფიკოსი. მას  გაფორმებული აქვს არაერთი ფილმი და სპექტაკლი, მათ შორისაა „არტისტი", „ნოდარ დუმბაძე'', „ლეონარდო'' და სხვა. მხატვარი აქტიურად მუშაობს წიგნის გრაფიკაში, მის ნამუშევართა შორის აღსანიშნავია: ვაჟა-ფშაველა, გიორგი ლეონიძე,  „დედა ენა'', „თბილისის'' ორტომეული და სხვა. ავტორი ასევე მუშაობს სარეკლამო კლიპებზე სხვადასხვა სტუდიებში.

ამჯერად გამოფენაზე სხვადასხვა პერიოდში შექმნილი 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

მხატვარი დაიბადა 1942  წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც შემდეგ კინო-ტელე სახელოსნოს პედაგოგად მუშაობდა. ასევე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში მთავარ მხატვარად. მალხაზ კუხაშვილი 1975 წლიდან დღემდე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების კათედრის პედაგოგი და საქართველოს მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.  

მალხაზ კუხაშვილმა სხვადასხვა დროს მრავალი პერსონალური გამოფენა გამართა და მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე აშშ-ში, ნეპალში, ლიტვაში, კუნძულ დიქსიზე, გერმანიასა და რუსეთში.

მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში - თბილისში, მოსკოვში, ოტავაში, პარიზში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ვენასა და დრეზდენში.

გამოფენა 2015 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.   

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.