გამოფენა „რას ფიქრობ დღეს?“

31 ოქტომბერი 2015
Share

2015 წლის 6 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის „არტისტერიუმ 8/2015" გახსნაზე.

არტისტერიუმი, რომელიც თბილისში წელს უკვე მერვედ ტარდება თანამედროვე ხელოვანთა და დამთვალიერებელთა დასაახლოებელ პლატფორმას წარმოადგენს. ყოველ წელს არტისტერიუმი ეხმაურება ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებს. 2015 წლის არტისტერიუმის თემაა: „რას ფიქრობ დღეს?"

2015 წლის „არტისტერიუმი" თემად პოპულარული სოციალური ქსელის „ფეისბუკის" საკომუნიკაციო ენას იყენებს. „რას ფიქრობ?" -  შეკითხვაა, რომელსაც ქსელის მომხმარებელი საკუთარ კედელზე სტატუსის განახლებისას პასუხობს. ვირტუალურ კედლებზე ადამიანები მათი ცხოვრების საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებს „ფენენ", გვამცნობენ საკუთარ დამოკიდებულებას პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პრობლემების მიმართ, გვიზიარებენ მათი აზრით საინტერესო ბმულებს, ფოტოებს, რეაგირებენ ამა თუ იმ მოვლენაზე. უცნობებს შორის კავშირები და ურთიერთგაცვლის შესაძლებლობი სოციალურ ქსელებში უკიდურესად გამარტივებულია.

შეკითხვით „რას ფიქრობ დღეს?" წლევანდელი არტისტერიუმი არტისტებს მიმართავს და მათ „პასუხებს" საგამოფენო სივრცის რეალურ „კედლებზე" გამოფენს. არტისტერიუმის კონტექსტში შეკითხვა „რას ფიქრობ დღეს?" ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის თითქოს წაშლილი საზღვრის, ადამიანთა შორის ახალი ტიპის კომუნიკაციისა და ზოგადად, დღევანდელი დღის კვლევას გულისხმობს.

არტისტერიუმი 2015-ის ფარგლებში 7 ნოემბერს 13:30 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს შეხვედრას ბრუკლინელ (ნიუ იორკი) მხატვრებთან - ვანდანა ჯაინი და მაიკ ესტაბრუკი.

არტისტერიუმი 2015 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და ასოციაცია „არტისტერიუმის“ ორგანიზებით ტარდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8.