გამოფენა „ჩვენი თბილისი და საქართველო“

29 სექტემბერი 2015
Share

2015 წლის 1 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ვეფხვაძეების ოთხი თაობის გამოფენის „ჩვენი თბილისი და საქართველო" გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ივანე, ალექსი, ჯოვანი და ბრუნო ვეფხვაძეების  შემოქმედება, რომელიც  ჟანრული მრავალფეროვნებითა და რეალისტური ნიშნებით ხასიათდება. საერთო მხატვრული მეთოდის მიუხედავად, თაობის ყოველ ახალ წარმომადგენელს განსხვავებული ადგილი უჭირავს სახელოვნებო სივრცეში.

  • ივანე ვეფხვაძე (1888-1971) დაიბადა თბილისში. 1924-1927 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილის კლასში. მუშაობდა პორტრეტის, პეიზაჟის, ჟანრული კომპოზიციის და კინოპლაკატის ჟანრში.
  • ალექსი ვეფხვაძე (1921-1982) დაიბადა თბილისში, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოგვიანებით კი რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკების და არქიტექტურის ინსტიტუტში. მხატვარი დააჯილდოვეს სტალინის პრემიით. ალექსი ვეფხვაძე მუშაობდა ასევე პორტრეტის და წიგნის გაფორმების ჟანრში.
  • ჯოვანი ვეფხვაძე დაიბადა 1949 წელს თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1981-2007 წლებში ასწავლიდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ავტორის შემოქმედებაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრი: პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი და ქალაქის ხედი. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
  • ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა 1986 წელს თბილისში.სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და ა.შ.შ-ში.

გამოფენა 2015 წლის 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა),  სიონის ქუჩა 8.