საგანმანათლებლო პროგრამები სვანეთის მუზეუმში

31 აგვისტო 2015
Share

2015 წლის 1, 2 და 3 სექტემბერს 11:00-15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს საგანმანათლებლო პროგრამებს ,,მრავალკულტურული საქართველო" და ,,ვაზი და ღვინო საქართველოში".

მრავალკულტურული საქართველო

„მრავალკულტურული საქართველოს" პროექტის ფარგლებში გთავაზობთ საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ეთნოკულტურის გაცნობას ფოტოგამოფენის სახით.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ეთნოსების (ქართველები, ბერძნები, ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, ოსები) მატერიალური კულტურის ამსახველი მასალა.

გამოფენას ერთვის თეორიული ნაწილი და აქტივობები. მოსწავლეები გაეცნობიან ეთნოსების საქართველოში ჩამოსახლება-განსახლების ისტორიასა და მათ კულტურას. ეთნოსთა ტიპაჟები წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ცნობილი ფოტოგრაფების ალექსანდრე როინაშვილის, ერმაკოვისა და როგორც ცნობილი (მაქს ტილკეს, შალომ კობოშვილის) ასევე უცნობი მხატვრების ჩანახატებით.

პროგრამა განკუთვნილია 6-დან 15 წლამდე მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი

ვაზი და ღვინო საქართველოში

საქართველო, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანა უძველესი დროიდანვეა ცნობილი. ამას მოწმობს არქეოლოგიური არტეფაქტები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები, ისტორიკოსთა და მოგზაურთა შრომები და ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები და ხელოვნების ნიმუშებია დაცული. მათ შორის ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის, სპილენძის, ხის საღვინე ჭურჭელი მიუთითებს მეღვინეობის მაღალ დონეზე საქართველოში.

პროგრამის მიზანია ბავშვებს გავაცნოთ ვაზისა და ღვინის მდიდარი ტრადიციები საქართველოში. კერძოდ:

  • ტერმინი ღვინო და მისი წარმოშობის ისტორია;
  • ვაზის სიმბოლიკა ქრისტიანულ რელიგიაში და მისი როლი ქისტიანულ ხელოვნებაში;
  • ვაზის გაშენება და მოვლა;
  • საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები;
  • რთველი;
  • ყურძნის დაწურვისთვის განკუთვნილი ნაგებობა და იარაღები;
  • ღვინის დასაყენებლად და შესანახად განკუთვნილი ნაგებობები და მასთან დაკავშირებული იარაღები;
  • საღვინე ჭურჭელი (საზომ-საწყაოები, გადასაზიდი ჭურჭელი, სასმისები...) და მათი დამზადების წესები.
  • ყურძნის წვენის სხვადასხვა პროდუქტები.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვებს ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია 6-დან 15 წლამდე მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი

პროგრამებზე დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნინო დათუნაშვილი 574 440 484

გვანცა არჩვაძე 599 604 112