სამხედრო თვითმფრინავების უდიდესი გამომგონებელი-ალექსანდრე ქართველი

08 ივლისი 2015
Share

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სამხედრო თვითმფრინავების უდიდესი გამომგონებლის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

2015 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის თავმჯდომარე რიჩარდ ევან რუბინი გააფორმებენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2015 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზებას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, ესკიზები, ფოტოები და მულტიმედიური პროექცია. გამოფენა ასახავს ქართველის ცხოვრებასა და მის უდიდეს წვლილს სამხედრო ავიაციაში.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.

* * *

ალექსანდრე ქართველი დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში. ოცი წლის ასაკში ალექსანდრე დედასთან ერთად გაექცა საბჭოთა ეპოქის არეულობასა და ზეწოლას და გაემგზავრა ემიგრაციაში ბავშვობისდროინდელი ოცნების ასრულებისა და თვითმფრინავების დიზაინის შემუშავების მიზნით. პარიზში, საავიაციო სკოლაში სწავლისას ქართველის თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში. პარიზის საავიაციო წრეებში კარგი რეპუტაციის მქონემ, 1920 წელს გაიცნო ამერიკელი მეწარმე ჩარლზ ლევინი და მის საავიაციო კომპანიაში სამუშაოდ აშშ-ში გადავიდა.

ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე შთააგონებს იმ მეწარმეებსა თუ გამომგონებლებს, რომლებიც რისკის შემცველ ბიზნესში მოღვაწეობენ. ქართველის მიერ შემუშავებულ თვითმფრინავის მოდელებს შორის არის: P-47 (ინტენსიურად გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედო ავიაციის მიერ მეორე მსოფლიო ომში), F-84 (გამოიყენებოდა კორეის ომსა და ნატო-ს სამხედრო ძალების მიერ), F-105 და A-10 იგივე "Warthog" რომელიც დღემდე მოქმედ მოდელს წარმოადგენს. ალექსანდრე ქართველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოსმოსური ფრენების სფეროში და წლების განმავლობაში იყო  NASA-ს კონსულტანტი.