გამოფენა ,,თბილისი - ჩემი სიყვარული”

11 ივნისი 2015
Share

2015 წლის 12 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ უკრაინელი მხატვრის ოლგა პეტროვას პერსონალური გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,თბილისი - ჩემი სიყვარული".

ფილოსოფიის დოქტორი ოლგა პეტროვა კიევში მოღვაწე გამოჩენილი მხატვარი, ხელოვნებადმცოდნე და კრიტიკოსია. მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაში გამოფენილა - დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, კიევი და სხვა მრავალი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ საქართველოს თემატიკაზე შექმნილი 20-მდე ფერწერული ტილო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული 3 ოფორტი.

ოლგა პეტროვა პირველად საქართველოში 1966 წელს ჩამოვიდა და შეხვდა ისეთ გამოჩენილ ხელოვანებს როგორებიც არიან: ე. ახვლედიანი, კ. იგნატოვი, ვ. ჯორბენაძე და ს. ფარაჯანოვი.

გამოფენის კონცეფცია მხატვრობის მიღმა მოიცავს ავტორის წიგნ-ესსეებს, სადაც თბილისზე მოგონებებია აღწერილი. დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება იხილოს ავტორის თვალით დანახული საქართველოს პეიზაჟები, ტაძრები და საქართველოზე მხატვრის ემოციებით შექმნილი ტილოები. გამოფენის დასრულების შემდეგ, მხატვარი 15 ფერწერულ ტილოს საჩუქრად გადასცემს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საელჩო უკრაინაში, უკრაინის საელჩო საქართველოში და უკრაინის ეროვნული აკადემიის თანამედროვე ხელოვნების კვლევის ინსტიტუტი. 

გამოფენა 2015 წლის 28 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ლადო გუდიაშვილის ქუჩა #1.