ნიკო ფიროსმანაშვილის ,,არსენალის მთა ღამით“

05 ივნისი 2015
Share

ნიკო ფიროსმანაშვილმა „არსენალის მთა ღამით" 1900-იან წლებში, ნიკო ბაიაძის დუქნისთვის დახატა. მოგვიანებით, კოლაუ ჩერნიაევსკის მიერ მოძიებული ეს სურათი, მოსკოვში, კირილ ზდანევიჩის კოლექციაში აღმოჩნდა.

ზდანევიჩის კოლექციიდან, 1957 წელს „არსენალის მთა" საბჭოთა მთავრობამ შეიძინა და ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილეზე საჩუქრად გადასცა. საფრანგეთში გადატანის შემდეგ, სურათის პირველი ვიდეოკადრები, რეზო თაბუკაშვილმა დოკუმენტურ ფილმზე "ფურცლები ფრანგული დღიურიდან" მუშაობისას 1983 წელს გადაიღო არაგონის სახლში. 

ლუი არაგონისა და მისი მეუღლის, ელზა ტრიოლეს გარდაცვალების შემდეგ, სურათი მათი მემკვიდრის, ჟან რისტას მფლობელობაში გადავიდა.

2015 წლის 1 ივნისს Christie's-ის აუქციონზე მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

მფლობელის გადაწყვეტილებით „არსენალის მთა ღამით" საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა საჩუქრად და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციები გაამდიდრა. ათწლეულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს სურათის ნახვის საშუალება მიეცემათ. აქამდე „არსენალის მთა ღამით" თბილისში მხოლოდ ერთხელ, 1919 წელს, ახლანდელ ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრების გამოფენაზე იყო ექსპონირებული.