გამოფენა ,,მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში"

28 მაისი 2015
Share

2015 წლის 3 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში".

გამოფენის იდეას ბიძგი მისცა 1926 წელს ტფილისში გამოცემულმა მცირე ზომის წიგნმა,  რომელიც წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის ადრეული დრამების კრებულს. წიგნის გარეკანის დიზაინს საფუძვლად უდევს ფრანც მარკის ცნობილი ტილო "ვეფხვი" (1912).

გამოფენაზე წარმოდგენილი ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები მოგვითხრობენ თეატრის, კინოს, ლიტერატურისა და მხატვრობის ერთიანი ძლიერი ტალღის შესახებ, რომელიც მოდერნიზმის ეპოქამ წარმოშვა. მან ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ხოლო ერთ-ერთ შორეულ სათავეს ის გერმანულ ექსპრესიონიზმში პოვებს. 

იდეის ავტორი და კურატორი: ქეთევან კინწურაშვილი.

გამოფენის ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ ღონისძიებებს:
5 ივნისი, 17:00 სთ. - ქეთევან კინწურაშვილის მოხსენება გამოფენის თემაზე
13 ივნისი, 15:00 სთ. - ქეთევან კინწურაშვილის ვორკშოპი ,,ფრანც მარკი - ანიმალისტი" (ბავშვებისთვის 8-13 წ.). 

გამოფენის ორგანიზატორები არიან: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და პროფესიული გაერთიანება KJ Art Books.        

გამოფენა 2015 წლის 17 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართიშევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაშოთა რუსთაველის გამზირი 11.