ფიროსმანის ახალი ალბომ-კატალოგი

23 მაისი 2015
Share

2015 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ფიროსმანის დარბაზში, გაიმართება ალბომ-კატალოგის „ფიროსმანის" პრეზენტაცია.

ალბომ-კატალოგში შესულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის რეპროდუქციები, ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარების: ბენო გორდეზიანის, გერონტი ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, კოლაუ ჩერნიავსკის, ერასტ კუზნეცოვის, გასტონ ბუაჩიძის ნაშრომები, ტიციან ტაბიძისა და გრიგოლ რობაქიძის ესეები.

ფიროსმანის შემოქმედების პირველი სრული კატალოგის  შემდგენელი, მხატვარი და მაკეტის ავტორია ვახტანგ რურუა, გამომცემელი - გიორგი რურუა, კომპიუტერული დიზაინი - ივანე კიკნაძის, ფოტო - გია გერსამიასი, წინასიტყვაობის ავტორი - ერასტ კუზნეცოვი.

ალბომ-კატალოგი ვახტანგ რურუას დაუსრულებელი ნამუშევარია და მხატვრის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. „პროექტი ჩვენი კულტურის ფუნდამენტური ინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, პროექტის განხორციელებას მრავალი არგუმენტი უჭერს მხარს: საქართველოში არ გამოცემულა ფიროსმანის ნამუშევრების სოლიდური სასაჩუქრე ალბომი; დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ფიროსმანის სურათების საკატალოგო მონაცემები, სახელმწიფო მუზეუმებში დაცული ფიროსმანის სურათების გარდა, აუცილებელია კერძო კოლექციების გადამოწმება-ფოტოგრაფირება, შესწორებების შეტანა კატალოგში", - ასე ასაბუთებდა ვახტანგ რურუა ალბომ-კატალოგის გამოცემის აუცილებლობას.

ალბომ-კატალოგი „ფიროსმანი" კომპანია „კონტროლ პეს" მიერ ავსტრიაში, პოლიგრაფიული ჰოლდინგის „ბაუერ მედიენის" სტამბაში დაიბეჭდა.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი # 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან), თბილისი