გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“

11 მარტი 2015
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,თბილისის თვითმმართველობა 1875-1917 წლებში".  

გამოფენაზე წარმოდგენილია ის  მდიდარი  და უნიკალური  სამუზეუმო კოლექციები, რომლებიც თბილისის თვითმმართველობის ორგანოებმა გადასცეს რუსეთის იმპერიაში არსებულ პირველ „თბილისის მუნიციპალურ მუზეუმს" (ამჟამად იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი). სწორედ ეს კოლექციები გახდა  მუზეუმის დაარსების საფუძველი 1910 წელს.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გამოფენაზე იხილოს ქალაქის თავის სამუშაო ოთახის მემორიალური ნივთები; თვითმმართველობის ისტორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ფოტოები და სხვა დოკუმენტური მასალა, როგორიცაა 1845 წლის საპატიო მოქალაქეთა სია, პირველი საარჩევნო სიები (1870), პირველი საარჩევნო კომისიის დასკვნა და სხვა. ექპოზიციაზე აგრეთვე ნაჩვენებია უნიკალური დოკუმენტური კადრები თვითმმართველობის ისტორიიდან.

ვიზიტორები გაეცნობიან თბილისის თვითმმართველობის ისტორიულ ტრადიციებს. კერძოდ, საარჩევნო პერიოდების გათვალისწინებით ნაჩვენები იქნება ის, თუ რა გააკეთა თვითმმართველობამ ქალაქისათვის კომუნალური მეურნეობის (წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლა, განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა), სანიტარული დასუფთავების, ასევე ჯანმრთველობის დაცვის, განათლებისა და კულტურის პრობლემების გადაწყვეტის მხრივ. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო თბილისის ევროპულ ქალაქად გადაქცევას.

აღნიშნულ გამოფენას 2014 წელს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მასპინძლობდა. ექსპოზიცია თბილისის თვითმმართველობის არჩევნების 140 წლისთავს მიეძღვნა.

გამოფენა გაგრძელდება 15 აპრილამდე.

გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.