გამოფენა ,,საქართველოს ოკუპაცია და ემიგრანტები"

24 დეკემბერი 2014
Share

2014 წლის 24 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ტელეკომპანია „იმედი" და გადაცემა „იმედის გმირები" იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,საქართველოს ოკუპაცია და ემიგრანტები''.

გამოფენის ჩატარების იდეა დაიბადა გადაცემა ,,იმედის გმირებში" საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ნანო კვინიტაძეზე სიუჟეტის მომზადების შემდეგ. ქალბატონი ნანო გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილია, რომელმაც მამის პირადი არქივი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ემიგრანტთა საარქივო ექსპონატები და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გენერლის გიორგი კვინიტაძის პირადი არქივი.

გიორგი კვინიტაძე თავის ჩანაწერებში ცდილობს 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის მიზეზების ძიებას და მოგვითხრობს ამ საკითხის ირგვლივ ქართულ ემიგრაციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ. გამოფენაზე ექსპონირებული იქნება აგრეთვე გრიგოლ რობაქიძის წერილები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზღვარგარეთის პასპორტი, ფოტო და ხელნაწერი, მიხაკო წერეთლისა და კალისტრატე სალიას ფოტო და სხვა ისტორიული მასალა. აგრეთვე გამოიფინება ნინო და კალისტრატე სალიების, თამარ და აკაკი პაპავების და სხვათა საარქივო ფონდები.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ტელეკომპანია იმედი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

გამოფენა გაგრძელდება 10 იანვრამდე. 

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.