აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

22 დეკემბერი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის კვლევის ცენტრი 22 დეკემბერს 14:00 საათზე გიწვევთ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ანდრია აფაქიძე იყო არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-1972), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე (1972-1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-დან). ანდრია აფაქიძე მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიისა და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე.

1952-1974 წლებში ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975-დან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. დიდი მეცნიერი რედაქტორი და თანაავტორია წიგნისა ,,საქართველოს არქეოლოგია", რედაქტორია მისივე ინიციატივით დაარსებული სერიის ,,მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის" მეტი წილი ნაკვეთებისა. დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.

კონფერენციის პროგრამა:

  • კონფერენციის გახსნა:
    მისალმება – დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი 
  • ისტორიული დიდი მცხეთა" და ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები არმაზციხეზე - ვახტანგ ნიკოლაიშვილი
  • განახლებული არქეოლოგიური გათხრები არმაზის ხევში - პიტიახშთა კომპლექსზე - გოდერძი ნარიმანიშვილი
  • წინაანტიკური ხანის ძეგლები მცხეთასა და მის შემოგარენში - ვაჟა სადრაძე, რეზო დავლიანიძე, თინათინ ჭანიშვილი, ბიძინა მურვანიძე
  • მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის გათხრები სამთავროზე - გიორგი მანჯგალაძე, გელა გიუნაშვილი
  • ისტორიულ „დიდ მცხეთაში" აღმოჩენილი ანტიკუტრი ხანის სამშენებლო მასალები (კრამიტი) - მერაბ ძნელაძე.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.