გამოფენა ,,შეხვედრა ფიროსმანთან"

21 ოქტომბერი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველო-გერმანიის საზოგადოება თბილისის ისტორიის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საერთაშორისო გამოფენას ,,შეხვედრა ფიროსმანთან".

ექსპოზიციებზე წარმოდგენილი იქნება გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარიელი, ჰოლანდიელი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. ,,შეხვედრა ფიროსმანთან" უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. იდეა, ბერლინელი მოქანდაკეს ჰანს შაიბის ეკუთვნის და ფიროსმანის საყოველთაოდ ცნობილ ციტატას უკავშირდება: ,,...ავაშენოთ ერთი დიდი სახლი, სადაც შევიკრიბებით. ვიყიდოთ ერთი დიდი მაგიდა და სამოვარი და ვსვათ ჩაი. ბევრი ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე...". 

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამუშაო პროგრამები, უცხოელი ხელოვანები გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და გაუზიარებენ მათ თავიანთ გამოცდილებასა და მიღებულ შთაბეჭდილებებს.

პროექტში მონაწილეობს 15 ქართველი და 30 უცხოელი ავტორი.

გამოფენის გახსნა:

21 ოქტომბერი, 16:00 საათი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).

21 ოქტომბერი, 18:00 საათი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.