ძვ.წ.VI ათასწლეულის ნამოსახლარის აღმოჩენა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

29 სექტემბერი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ, ბოლნისის რაიონის სოფ. ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ.VI ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც, მათი მდებარეობის გამო სპეციალისტებისათვის ამ ეტაპზე უცნობია. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად, ექსპედიციაში მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან. ექსპედიციას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობს დოქტორი გურამ მირცხულავა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის არქეოლოგიის ინტიტუტის ევრაზიის განყოფილების პირველი დირექტორი, პროფესორი სვენდ ჰანსენი.

ექსპედიციის მიზანია კავკასიის ნეოლითური კულტურის ე.ი. მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვა-განვითარების პრობლემების შესწავლა, პერიოდიზაცია-ქრონოლოგიის დაზუსტება. ამავე დროს, ექსპედიცია სტუდენტთა და ახალგაზრდა არქეოლოგთა სასწავლო ცენტრს წარმოადგენს, სადაც სწავლობენ და ცოდნას იღრმავებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ახალგაზრდები.

არუხლოს ნამოსახლარის შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში აღმოჩენილმა ახალმა კულტურებმა კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურების მიმართ ინტერესის ზრდა განაპირობა და 2005 წლიდან არუხლოზე გათხრები განახლდა. წინა წლებში აღმოჩენილი მასალები მყარ ნიადაგს უქმნის ახლად აღმოჩენილ მასალებსა და შენობა-ნაგებობებს.