ბრიტანელი არქეოლოგის მაიკლ ვიკერსისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

05 სექტემბერი 2014
Share

2014 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ცნობილ ბრიტანელ არქეოლოგს -პროფესორ მაიკლ ვიკერსს.

მაიკლ ვიკერსის კვლევის სფერო მეტად ფართოა, მოიცავს ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური სამყაროს არქეოლოგიას, ისტორიასა და ლიტერატურას. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორია. იგი წლების მანძილზე აშმოლის მუზეუმის (ოქსფორდი) ბერძნულ-რომაული სიძველეების კურატორი იყო. ამასთანავე კითხულობდა ლექციების კურსს დუბლინის, ბენგაზის, ოსტინის, ბულდერის, პრინსტონის უნივერსიტეტებში. მაიკლ ვიკერსს დიდი ხნის მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან. იგი წლების მანძილზე მის კოლეგასთან ამირან კახიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ სამუშაოებს ფიჭვნარში. იგი რეგულარულად მონაწილეობდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიისადმი მიძღვნილ ვანის სიმპოზიუმებში.

მაიკლ ვიკერსი არის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1978), ანტიკვართა საზოგადოების (1978) და ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი (1993), არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის საპატიო წევრი,(1995), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრი (2009). 2009 წლიდან იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სიმპოზიუმის უცვლელი თავმჯდომარეა.

2005-2010 წლებში მაიკლ ვიკერსი ,,საქართველოში სამეცნიერო კვლევის მეგობართა საზოგადოების" თავმჯდომარე იყო.

მაიკლ ვიკერსი და მისი მეუღლე, ხელოვნებათმცოდნე მანანა ოდიშელი აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საექსპოზიციო და საგამომცემლო საქმიანობაში, ჩართულები არიან სარედაქციო სამუშაოებში. მაიკლ ვიკერსმა მისი პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-ზე მეტ წიგნს ითვლის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსახსოვრა.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.