გამოფენა ,,სადგური“

27 ივნისი 2014
Share

2014 წლის 29 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ დებიუტანტი მხატვრის თეო კოხოძის გამოფენას ,,სადგური".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოცამდე დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი. თეო კოხოძემ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც გაიარა ოსტატობის კურსები. ის თანამედროვე მხატვრობის ახალი თაობის წარმომადგენელია, გამორჩეული ინდივიდუალიზმითა და ფერწერის ღრმა ცოდნით.

პროექტი ,,სადგური" თემატურად მხატვრის ბიოგრაფიას ეხმიანება, რომელიც როგორც თავად ავტორი თვლის, ცოტათი ეშმაკის ბორბალს წააგავს: სწორედ ასეთ ასოციაციას ბადებს მასში ვაგონის ბორბლები, მატარებლები, სადგურები. გარდა იმისა რომ ყოველივე ეს ექსპრესიულია თავისი ემოციური განწყობითა და არსით, ამასთანავე ფატალური ნიშნებიც ახასიათებს. ნახატებზე გამოსახული სადგურები საქართველოსა და გერმანიაში, ამ ფორმისეული გადაწყვეტის სრულიად განსხვავებულ სახეს გვთავაზობს. სადგურს ამ პროექტში სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და ავტორის ნააზრევს ასახავს.გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს დებიუტანტი მხატვარი, რომელიც ახლებურად ხედავს თანამედროვე სამყაროს და სინამდვილეს.

გამოფენა გაგრძელდება 2014 წლის 20 აგვისტომდე. 

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.