როტშილდის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16 ივნისი 2014
Share

16 ივნისს საქართველოში ვიზიტით მყოფ როტშილდის ფონდის წარმომადგენლები სოფი ჰირთსი და ჯეკ ლოჰმანსი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის ძირითადი მიზანია, გაეცნონ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. როტშილდის ფონდმა გამოყო ერთწლიანი გრანტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტისთვის „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ებრაული მუზეუმის რენოვაცია თბილისში", პროექტის ავტორი და კოორდინატორია საქართველო ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი, ხელოვებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი ლელა წიწუაშვილი.

როტშილდის გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია ებრაული კოლექციების სრული მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, დარჩენილი ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია, დაჩარჩოება, მოწესრიგება და ფონდებში შესაბამის პირობებში დაცვა, კოლექციების სრული კატალოგიზაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლექციათა ციკლის განხორციელება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული კოლექციების დიდი ნაწილი იქნა შესწავლილი, რესტავრირებული, აღდგენილი და მოწესრიგებული. კოლექციები მოიცავს ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ძველ სამოსს, ქსოვილებს, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთებს. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა ებრაული კოლექციების ამსახველი ხუთი დროებითი გამოფენა და გამოსცა ოთხი კატალოგი.

როტშილდის ფონდი

როტშილდის ოჯახი ევროპელ ებრაელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოჩენილია. მათი გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. მე-19 საუკუნეში როტშილდების დინასტია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი გახდა. მათი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ მონარქებისა და სახელმწიფოების ბანკირები, სახვითი ხელოვნების უმდიდრესი კოლექციონერები. დინასტიის წარმომადგენელი მაიერ ამშელი საბანკო ბიზნესის დამაარსებელი გახლდათ, მან გააგზავნა ხუთი ვაჟიშვილი ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტში, ვენასა და ნეაპოლში საგვარეულო ბიზნესის დასამკვიდრებლად. როტშილდების გერბის ხუთი ისარი ამ ფაქტზე მიანიშნებს. ლორდ როტშილდის ოჯახი ეწევა ფილანთროპიულ მოღვაწეობას სამი ძირითადი მიმართულებით: Rothschild Foundation ფოკუსირებულია დიდ ბრიტანეთზე, სადაც ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ფართომასშტაბიან საქველმოქმედო საქმიანობას ახორცილებს.

ისრაელში Yad Hanadiv აგრძელებს პალესტინაში ისრაელის მხარდაჭერას, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბარონ ედმონდ დე როტშილდმა წამოიწყო. გრანტების სახით მოიცავს ბუნებრივი პარკებისა და მემორიალური ბაღების მხარდაჭერას, ეროვნული ბიბლიოთეკის დაგეგმარებას, როგორც 21-ე საუკუნის ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული ბიბლიოთეკა. Rothschild Foundation (Hanadiv) Europe მხარს უჭერს ინიციატივებს  მთელ ევროპაში და აგრძელებს ოჯახის ფილანთროპიულ საქმიანობას, იცავს ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობას, გასცემს სტიპენდიებსა და ხელს უწყობს ებრაულ ცხოვრებას ევროპაში.        

www.rothschildfoundation.eu