გამოფენა ,,ბოხოხიანი კაცი“

03 ივნისი 2014
Share

2014 წლის 3 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი კუხალაშვილის გამოფენას, სახელწოდებით ,,ბოხოხიანი კაცი".

გამოფენის ძირითადი კონცეფცია, ავტორის მიერ პერსონაჟის მრავალფეროვნების ძიებაა. ეს ფიგურა გახლავთ „ბოხოხიანი კაცი" რომელიც მის ყოველ ნამუშევარში იკითხება ცალკეულ მოტივად - იგი ერთდროულად შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც, მითოლოგიური, ყოფითი თუ მისტიური. ყოველივე ეს მის ყოფაში, მის არსშია გაერთიანებული.

გიორგი კუხალაშვილის ნამუშევართა სერიაში იკვეთება მხატვრის დამახასიათებელი ხელწერა და მისი ინდივიდუალიზმი. მთავარი პერსონაჟი მოგზაურობს ავტორის ნახატებში სხვადასხვა შეფერილობით, კოსტიუმებით, სარკასტული მიმიკებით, თეატრალური მანერულობით და მუდამ უკმაყოფილო სახით. მიუხედავად ყველაფრისა, „ბოხოხიანი კაცი" მკვეთრად ინდივიდუალური პერსონაჟია, რომელიც ავტორის მუზას - მის პედაგოგს და მეგობარს აერთიანებს საკუთარ თავში.

გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.