მუზეუმების კვირეული - გამოფენა ,,მოგზაური დღიური“

16 მაისი 2014
Share

2014 წლის 16 მაისს 18:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ უნგრული წარმოშობის, ირანში მცხოვრები მხატვრის გიზელა ვარგა სინაის გამოფენას სახელწოდებით ,,მოგზაური დღიური".

პროექტი მოიცავს დიდ კულტურულ პროგრამას - მხატვრის გამოფენას და მისი მეუღლის, ირანელი დოკუმენტალისტის, ხოსრო სინაის ფილმების ჩვენებას კინოს სახლში. გიზელა ვარგა სინაი დაიბადა უნგრეთში. ხელოვნებას ავსტრიაში, ვენის აკადემიაში სწავლობდა. ადრეულ ასაკში დაინტერესდა უნგრული ზღაპრებით, თქმულებებით, ქვეყნის აღმოსავლური წარსულით. ირანში ყოფნის დროს გაუჩნდა სურვილი, წარსული და მომავალი ერთ სურათად აესახა. თავისი შემოქმედების ძირითად თემებს მხატვარი მითოლოგიაში ეძებს და მის სტილს ფრესკული ფერწერის ნიშნები ახასიათებს.

გიზელა ვარგა სინაი 1968-დან 2005 წლამდე ირანში მოღვაწეობდა. ამ პერიოდში, ის ექვსი დიდი პროექტის ავტორი იყო: ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ", ,,ბრმა თოჯინები", ,,სიჩუმის ექო", ,,სამხრეთი და მისი ნიღბები", ,,გამოსახულებები და კედლები", ,,მოგზაური დღიური".

გიზელა ვარგა სინაი პედაგოგია, ასწავლის ირანსა და გერმანიაში, ჰქონდა პერსონალური გამოფენები თეირანში, ავსტრიაში, გერმანიაში, ინგლისში და მონაწილეობდა 30-მდე ჯგუფურ გამოფენაში.

გამოფენა გაგრძელდება 28 მაისამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.