რომან მახარაძის ნამუშევრების გამოფენა

28 მარტი 2014
Share

2014 წლის 28 მარტს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ რომან მახარაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე, რომელიც ხელოვანის დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება.   

რომან მახარაძე დაიბადა 1929 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, პეიზაჟის კლასი. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად. მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში უფროს სამხატვრო რედაქტორად. გაფორმებული აქვს ათეულობით წიგნი.

ავტორის პერსონალურ გამოფენათა შორის აღსანიშნავია  1985 წელს, თბილისში, ქართული ენციკლოპედიის გამომცემლობის შენობაში გამართული გამოფენა.

რომან მახარაძე გარდაიცვალა 1998 წელს. მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პირად საკუთრებაში და არაერთ კერძო კოლექციაში.

გამოფენა გაგრძელდება 11 აპრილამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.