აბესალომ ვეკუა (1925-2014)

19 თებერვალი 2014
Share

აბესალომ ვეკუა

(1925-2014)

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პალეონტოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ეროვნული მუზეუმის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი აბესალომ ვეკუა. ძალიან მიჭირს აბესალომ ვეკუაზე წარსულში წერა. ბოლო 20 წელზე მეტია ჩემი ცხოვრება გადაჯაჭვული იყო ამ ადამიანთან, პიროვნებასთან, რომელიც ადამიანური და პროფესიული ერთგულების მაგალითი გახლდათ. ხშირად ამბობენ, რომ ასაკი შეფარდებითი ცნებაა, აბესალომ ვეკუას შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს. 88 წლის ასაკში, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე იგი აგრძელებდა საყვარელი საქმის სამსახურს ახალგაზრდული ენერგიით.

ძალიან დიდია აბესალომ ვეკუას წვლილი ქართული პალეონტოლოგიის განვითარებაში. იგი ორასზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და ათი მონოგრაფიის ავტორია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში Nature და Science. მის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია მეცნიერებისათვის მანამადე უცნობი ცხოველების წარმომადგენლები. ბატონ აბესალომს მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ლეო დავითაშვილის პრემია და სხვ.

განსაკუთრებულია მისი წვლილი დმანისის ფაუნისა და ჰომინიდების შესწავლის საქმეში. “1983 წელს დმანისის ნაქალაქარზე შუა საუკუნეების ორმოებში ნაპოვნ ძვლებში პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ მარტორქის კბილს მიაკვლია, რომელმაც სხვა ნამარხებთან ერთად მას საშუალება მისცა განესაზღვრა დმანისის ქვედა შრეების გეოლოგიური ასაკი – ადრე პლეისტოცენი.’’ ეს ფრაზა ადამიანის  პალეონტოლოგიის მრავალ სახელმძღვანელოებშია შესული. სწორედ ამ ფაქტმა დაუდო სათავე დმანისის აღმოჩენებს, რომლებმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა და თავდაყირა დააყენა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ. 

დღეს ხშირად ვხმარობთ ინგლისურ გამოთქმას ‘’სელფ მეიდ მენ’’ ანუ ადამიანი, რომელმაც თვითონ ‘’შექმნა‘’ საკუთარი ცხოვრება. აბესალომ ვეკუა სრულად შეესაბამება ამ დახასიათებას. 

სამამულო ომის მონაწილემ გვიან დაიწყო სწავლა უნივერსიტეტში, მაგრამ ძალიან სწრაფად აანაზღაურა გაცდენილი წლები. სტუდენტობის პერიოდში ბატონ ლეო გაბუნიასთან შეხვედრამ განსაზღვრა მისი მომავალი. იმ წლებიდან მოყოლებული აბესალომ ვეკუა დარჩა ლეო გაბუნიას ერთგულ თანამებრძოლად ბატონი ლეოს სიცოცხლის ბოლომდე.

მე თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო მათთან ერთად კვლევაში ჰომინიდების ახალი სახეობის - ჰომო გეორგიკუსის გამოყოფისას და არაერთხელ მომესმინა ბატონი ლეოს მაღალი აზრი აბესალომ ვეკუას შესახებ. ბატონი ლეო, ისევე როგორც ბევრი გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი პალეონტოლოგი, აღიარებდა ბატონი აბესალომის საოცრად მახვილ თვალსა და ანატომიის საუცხოო ცოდნას. გადაშენებულ ცხოველთა მრავალი ახალი სახეობა გამოყოფილია სწორედ ბატონი აბესალომის მიერ.

არსებობს პალეონტოლოგთა ორი ტიპი: ერთნი ლაბორატორიებში ელოდებიან გასუფთავებულ ძვლოვან მასალას და შემდეგ იწყებენ მეცნიერულ კვლევას, მეორენი თვითონ ატარებენ გათხრებს და საკუთარი ხელით მოიპოვებენ მასალას. აბესალომ ვეკუა უდაოდ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა უკანსკნელი წლების ყველა მნიშვნელოვანი გათხრები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პალეონტოლოგიური ძეგლი, რომლის კვლევაშიც ბატონ აბესალომს მონაწილეობა არ მიუღია. 

მისი საოცარი ორგანიზებულობა და საქმისადმი ფანტასტიკური ერთგულება ყოველთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ვისურვებდი, რომ ქართულ მეცნიერებას ჰყავდეს ისეთი ერთგული მსახურნი, როგორიც იყო ბატონი აბესალომ ვეკუა.

დავით ლორთქიფანიძე