საერთაშორისო კონფერენცია

16 ოქტომბერი 2013
Share

2013 წლის 16-20 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის როლი ადამიანის ადრეულ ევოლუციასა და განსახლებაში - რეფუგიუმი, გზაჯვარედინი თუ ხანგრძლივი საცხოვრებელი ადგილი?!"

კონფერენციის მიზანია უკანასკნელი სამეცნიერო კვლევის შედეგების განხილვა, რომელიც 2 მილიონი წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში გარემო პირობების ცვლილებების ფონზე, ადამიანის განსახლებისა და ქვის ხანის ტექნოლოგიების განვითარებას ეხება. კონფერენციაზე აგრეთვე იმსჯელებენ, იყო თუ არა კავკასია ხანგრძლივი საცხოვრებელი ადგილი უძველესი ადამიანებისათვის, თუ მხოლოდ გზაჯვარედინს წარმოადგენდა ევრაზიის კონტინენტზე გადაადგილებისას?!

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის სამეცნიერო დაწესებულებების 50-მდე მეცნიერი. მათ შორის არიან არქეოლოგები, პალეონტოლოგები, პალეობოტანიკოსები, გეოლოგები, პალეოანთროპოლოგები და ა.შ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ჰაიდელბერგის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია (გერმანია), ფოლკსვაგენის ფონდი (გერმანია).

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.