5 ივნისი - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

05 ივნისი 2013
Share

2013 წლის 5 ივნისს 11:00-17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოგიდგენთ გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

5 ივნისს მსოფლიო  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელშიც საქართველოც წლებია აქტიურად იღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუდენტები, ისე სკოლის მოსწავლეები. დაგეგმილი აქტივობები წარიმართება როგორც ინდივიდუალური ვიქტორინების, ისე გუნდური თამაშების სახით.

ვიქტორინას წარუძღვება ეთნოგრაფიული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი გია თოდუა; სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან  სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით თამაშებში; გაიმართება შეჯიბრი ისრის სროლაში,  რომელსაც ორგანიზებას უშუალოდ  ეთნოგრაფიული მუზეუმი გაუწევს.

ღონისძიებაზე გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, რომელიც გამოყოფილია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები"-ს მიერ. გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები, ხოლო მონაწილეებს - სერტიფიკატები.

დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს 200 ახალგაზრდა. ღონისძებაზე მოწვეულ იქნებიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები"-ს ორგანიზებით.

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზატკეცილი 1.