ჰიპერპოზიცია - ინსტალაციიდან სკულპტურამდე

05 აპრილი 2013
Share

2013 წლის 5 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ კონცეპტუალურ გამოფენას სახელწოდებით „ჰიპერპოზიცია -ინსტალაციიდან სკულპტურამდე".

რა ადგილი უკავია გარდაქმნებს ვიზუალურ ხელოვნებაში და რამდენად საინტერესოდ შეიძლება იყოს აღქმული მისი ტრანსფორმაცია. პროექტი "ჰიპერპოზიცია" მოიცავს იმ ვიზუალურ შედეგებს და ფაზებს, რომლებიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიან. ნაჩვენები იქნება სივრცული ინსტალაციიდან, იგივე მასალის გამოყენებით, პერმანენტულ სკულპტურაში გარდასახვის ხელოვნება.

წარმოდგენილი ნამუშევრები დამთვალიერებლებს სივრცის ახლებურად გააზრებასა და იმ პროცესების მხატვრულად გაანალიზების საშუალებას მისცემს,  რომელიც აზროვნებას, მეხსიერებას, გაცნობიერებასა და იდენტიფიკაციას უკავშირდება. 

პროექტს აგრეთვე საინტერესოს ხდის ის ფაქტორი, რომ ეს ნამუშევრები ორი ავტორის -  იდეათა ერთობლიობით შეიქმნა.

საგანმანათლებლო მიზნებისთვის პროექტის მსვლელობის პერიოდში ავტორები ჩაატარებენ მასტერკლასებს და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სტუდენტებს.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 18 აპრილამდე.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.

 

***

კონსტანტინე მინდაძე - დაბადებული 1977 წელს -  მულტიდისციპლინალური ვიზუალ არტისტი. სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში, აგრეთვე ამსტერდამის გრაფიკულ ლიცეუმში, ნიდერლანდებში. არის ცნობილი ჰოლანდიური არტ საზოგადოების „არტი ეტ ამიჩიტაეს" წევრი.  კონსტანტინე მინდაძე საქართველოს თანამედროვე არტ სივრცის აქტიური წარმომადგენელია.   მისი შემოქმედება ასოცირებულია მინიმალიზმთან და კონცეპტუალურ არტთან. ხელოვანის ნამუშევრები აქტიურ-სივრცულ და ხმოვან ინსტალაციებს, სკულპტურას, ფერწერას, გრაფიკას, ფოტოგრაფიას და ვიდეო არტს მოიცავენ.  კონსტანტინე მინდაძეს არაერთ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი ავტორია მრავალი პერსონალური პროექტების - საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში. მისი ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო კატალოგშია შეტანილი, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

 

90-ანების დასასრულს მანუჩარ ოქროსცვარიძე არტ მხატვართა ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია. მისი აქტიურობის სფერო მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, ინსტალაციას, გამოყენებითი ხელოვნებას და დიზაინს. 1994 წლიდან მონაწილეობს ლოკალურ და საერთაშორისო ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებში. უხლოეს წლებში მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა მინიმალისტური ნახატი და ობიექტი, რომელსაც თავად "მოკლე ვიზუალურ მესიჯებად" და "ესთეტიკურ იდეოგრაფიებად" აფასებს. 2008 - 2009 წლებში  იყო კჟურნალ "შთაბეჭდილების" პროექტის კონცეფციის ავტორი და თანადამფუძნებელი. ბოლოდროინდელი პროექტებიდან აღსანიშნავია კონცეპტუალური გრაფიკის გამოფენა "მაკულატურა" (2011,  კურატორი , არტისტი) და 2012 წლის ინდიიდუალური პროექტი "EXISTERE".