გამოფენა „Reframing the 80s - 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება“

25 სექტემბერი 2012
Share

2012 წლის 25 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას „Reframing the 80s - 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება".

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ნიუმან პოპიაშვილის გალერეა.

გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.

Reframing the 80s (80-იანების გადააზრება): 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება არის გამოფენა, რომელიც საზოგადოებას ხელოვანთა იმ ნაწილის ნამუშევრებს გააცნობს, რომლებმაც ამ პერიოდის ძირითადი ტენდენციები შექმნეს. ეს არის საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი ეპოქის წარდგენის პირველი მცდელობა და პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა ეროვნული მუზეუმი ოცი წლის შემდეგ მთელი თაობის შემოქმედების ჯგუფურ ჩვენებას აწყობს.

გამოფენის ყურადღების ცენტრში მოქცეულია ქართული ხელოვნების ექსპერიმენტული მიმართულებები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრშია განხორციელებული და კურატორის აზრით ყველაზე კარგად გამოხატავს ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობებს.

80-იან წლებამდე არსებულმა შემოქმედებისა და ვიზუალური ენის, ისტორიული მგრძნობელობის, პირადი მითოლოგიებისა და პოლიტიკური გზავნილების მიმართ ექსპერიმენტულმა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია ამგვარი ნამუშევრების მინიმალურად გამომზეურებაზე. გვიანი 80-იანები და 90-იანი წლების პირველი ნახევარი იმ პერიოდად იქცა, როცა ხელოვანთა უჩვეულოდ დიდმა რაოდენობამ თავისი იდეების გამოხატვისათვის ექსპერიმენტულ ფორმებს მიმართა და ისინი ადგილობრივი ხელოვანების მიერ სოციალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ხელოვნების წრეებთან დაკავშირების განსაკუთრებულ მოთხოვნებსა და სურვილს დაუკავშირა.

გამოფენის მიზანი არაა ამ პერიოდის ხელოვნების ამომწურავი სურათის აღდგენა.ის არც მოვლენების მკაცრ დოკუმენტირებას ცდილობს. ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის გაცნობით, მათ შორის კავშირების დამყარებით და მათი ისეთი თემების გარშემო გაერთიანებით როგორებიცაა ექსპერიმენტი, ქალაქი, ისტორია, მეხსიერება, პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობა, ხელოვანი, სტუდია/ლაბორატორია - კურატორი ისტორიისგან გათავისუფლებული ხელოვნების ნიმუშების ხელახალ შეფასებასა და ამავე დროს, შერჩეული ხელოვნების ნიმუშების ისტორიული კონტექსტის მრავალფეროვნების აღდგენას გვთავაზობს.

გამოფენა "Reframing the 80s" წარმოადგენს თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის ნაწილს, რომლის პირველი მოდულის - კარლო კაჭარავას დღემდე უცნობი ნახატების გამოფენის ნახვა გოეთეს ინსტიტუტში 2012 წლის 15 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

დამთვალიერებელთა თხოვნით გამოფენა 25 ნოემრამდე გაგრძელდება.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 11.