ფოტოგამოფენა „ჩინეთი საქართველოს თვალით”

30 მაისი 2012
Share

2012 წლის 30 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმის  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას „ჩინეთი საქართველოს თვალით".

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მხარდამჭერები არიან  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ფოტოგამოფენაზე მოწვეულნი არიან სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო საზოგადოების, ბიზნეს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ერთკვირიან ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ფოტოგრაფის, რამაზ ბლუაშვილის 90 ფოტო.

რამაზ ბლუაშვილმა იმოგზაურა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩინეთმა, თანამედროვე  კულტურასთან შერწყმული უძველესი საოცრებებით, მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.  იგი შეეცადა  ეს შეგრძნებები თავის შემოქმედებით გადმოეცა.

"ჩინეთი-უძველესი, 5000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა, უნიკალური ტრადიციებითა და დახვეწილი ფილოსოფიით. უძველესი საოცრებები და ზღაპრული მშვენიერება შერწყმული თანამედროვე  კულტურასთან," აცხადებს რამაზ ბლუაშვილი.

რამაზ ბლუაშვილი მას შემდეგ გაიტაცა ვიდეო და ფოტო ხელოვნებამ, როდესაც ნახა მამის, ოთარ ბლუაშვილის მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი უხმო ფილმები  საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის (ამჟამად „ერისიონი") საერთაშორისო ტურების შესახებ. ეს გატაცება გადაიზარდა პროფესიაში და მას მშვენიერების გადმოცემის უკვე18- წლიანი გამოცდილება აქვს.

მისამართი: რუსთაველის გამზ.3