საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლაბორაცია

18 ოქტომბერი 2010 - 19 ოქტომბერი 2010

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ერთობლივი პროექტის "წარსულის რეკონსტრუქცია - ტრადიცია და ტრანსფორმაცია" პრეზენტაციას. რომელიც გულისხმობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაციას.

2011 წელს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უმდიდრესი კოლექციების მნახველთა ფართო აუდიტორიისთვის ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა.

მუზეუმში დაცული შუა საუკნეების კოლექციები, საქართველოს ისტორიის ერთერთ უმნიშვნლოვანეს პერიოდს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს დღეს, ახალი ქართული იდენტურობის განსაზღვრის პროცესში.

ჩვენი მიზანია, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციები გაერთიანდეს სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში. რაც შესაძლებელს გახდის უფრო მკაფიოდ წარმოჩინდეს ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული თვითმყოფადობა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

ასეთი მასშტაბური ამოცანის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად განხორციელება პროექტში საერთაშორისო კვალიფიკაციის სხვადასხვა პროფილის ექსპერტთა ჩართვას, მათ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს მოითხოვს.

ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს შორის იწყება უნიკალურ კოლაბორაცია.
პროექტს ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო სიმონიშვილი.

პროექტის ფარგლებში, მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვან ექსპერტთა ჯგუფი ჰელენ ევანსის (მეტროპოლიტენ მუზეუმის ბიზანტიური კოლექციების მთავარი კურატორი), დანიელ კერშაუის (მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვანი დიზაინერი) და ჟაკ სულთანიანის (მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვანი რესტავრატორი) შემადგენლობით, რამდენიმე ვიზიტით ეწვევა საქართველოს, ჩაატარებს განსაკუთრებით დაზიანებული ექსპონატების გადაუდებელ ექსპერტიზას, განიხილავს და მონაწილეობას მიიღებს დასავლური სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისი ახალი სამეცნიერო-მხატვრული კონცეფციისა და საგამოფენო დიზაინის შემუშავებაში.