აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 120 წლის იუბილე

30 ნოემბერი 2010 - 02 დეკემბერი 2010

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი აწყობენ გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო-სამეცნიერო სესიას.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი გ. ჩიტაის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოგიდგენთ ექსპოზიციის "მუზეუმის ისტორია" და აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მემორიალური კაბინეტის გახსნას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტო, ვიდეო და საილუსტრაციო მასალები. ასევე გიორგი ჩიტაიას მიერ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეკრებილი სპილენძის, თიხის და ხის ექსპონატები.

გიორგი ჩიტაია (1890-1990), ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი, თანამედროვე ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელია. 1940 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრა დააარსა და შექმნა პირველი სალექციო კურსი ზოგად ეთნოგრაფიაში. გიორგი ჩიტაიას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი გამოკვლევა, რომლებიც მისი შრომების ხუთ ტომეულშია თავმოყრილი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა ოცდაათ წლიანი საველე და თეორიულ-კვლევითი სამუშაოები, ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების ძიება-შერჩევა და კლასიფიკაცია, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ დაარსება. სწორედ აკადემიკოს გიორგი ჩიატაიამ ჩამოაყალიბა ღია ცის ქვეშ მუზეუმის სტრუქტურა და დაგეგმარების ძირითადი პრინციპები. 1987 წლიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი მის სახელს ატარებს.

საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სამ დღეს გასტანს.
30 ნოემბერი 15.00 საათი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია -საიუბილეო სხდომის გახსნა და დოკუმენტური ფილმის "გიორგი ჩიტაიას ცხოვრება დამოღვაწეობა" ჩვენება.

  1. დეკემბერი 11.00 საათი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია - სამეცნიერო სესია.
  2. დეკემბერი 13.00 საათი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი - ექსპოზიციის "მუზეუმის ისტორია" და აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მემორიალური კაბინეტის გახსნა.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ახალი წიგნი: საქართველო - ტრადიცია, რწმენა, ხელოვნება (ავტორები: ზურაბ წერეთელი, თამილა ცაგარეიშვილი, ინგლისურ ენაზე); გიორგი ჩიტაიას ბიობიბლიოგრაფია, ასევე 7 წიგნი სერიიდან - ქართველი ხალხის ტრადიციული კულტურა (ავტორები: თინა ოჩიაური, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი, ირაკლი სურგულაძე, ლია მელიქიშვილი, ნანა ხაზარაძე).

ცნობილი ქართველი მეცნიერი აკაკი შანიძე ასე აფასებს გიორგი ჩიტაიას მოღვაწეობას:
"სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ბატონ გიორგი ჩიტაიას, ეს ღია ცის ქვეშ მოწყობილი საუცხოო მუზეუმიც საკმარისი იქნებოდა მისი სახელის უკვდავსაყოფად".