სამურაის საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია

04 მარტი 2019 - 04 მარტი 2019
Share

2019 წლის 4 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის სამურაის საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია და ღონისძიებათა ციკლის „ტოკუგავა და სხვა ოსტატები" შემაჯამებელი შეხვედრა.

სპეციალურად ამ პროექტისთვის იაპონიაში დამზადდა ედოს პერიოდის სამურაის ტრადიციული აღჭურვილობის ანალოგი, რომელიც უკვე ჩატარებული ღონისძიებათა ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დღეს კი ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციებს შეემატება.

სამურაის საბრძოლო აღჭურვილობა შედგება აბჯრისგან, მუზარადისგან, ხმლისგან, მშვილდ-ისრისგან და საბრძოლო ნიღბისგან. სრული აღჭურვილობის ტარების უფლება მხოლოდ მაღალი რანგის მეომრებს შეეძლოთ და ყოველ კლანს საკუთარი ფერი და გერბი ჰქონდა. აღჭურვილობის ყველაზე დეკორატიული ნაწილი მუზარადია. მისი ფორმები სხვადასხვაგვარია - ხან მთის, დემონისა და დრაკონის თავის გამოსახულებით. საბრძოლო ნიღაბი ტყავისგან და რკინისგან მზადდებოდა.

ღონისძიებათა ციკლი „ტოკუგავა და სხვა ოსტატები" საქართველოში იაპონიის საელჩოს ინიცირებით საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ხორციელდება.

ღონისძიებათა ციკლის სპონსორები არიან ქართული და იაპონური ლიდერი კომპანიები  -  თიბისი, სილქნეტი, ტოიოტა კავკასია და JTI.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.