ნინო ბარნოვის საჯარო ლექცია: „ქართული დამწერლობის წარმოშობა და განვითარება; უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები; უძველესი ქართული ხელნაწერები"

04 დეკემბერი 2018 - 04 დეკემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის,  ნინო ბარნოვის საჯარო ლექციაზე: „ქართული დამწერლობის წარმოშობა და განვითარება; უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები; უძველესი  ქართული  ხელნაწერები".

ყოველი სალიტერატურო ენის ისტორია მწიგნობრობის გაჩენით იწყება. ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მეტად მწირია. ქართულმა დამწერლობამ თექვსმეტსაუკუნოვანი დოკუმენტური ისტორიის მანძილზე გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, ამიტომ მის განვითარებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ.  სალიტერატურო ქართული ენის ძველისძველ წერილობით ძეგლებს, წარწერების გარდა, წარმოადგენენ ხელნაწერები, რომელთა რიცხვი ათი ათასს აღემატება; ათასზე მეტი ქართული ხელნაწერი დათარიღებულია V-XII საუკუნეებით. ხელნაწერთა დიდი ნაწილი საქართველოს მუზეუმებში ინახება, ძალიან ბევრი უნიკალური ქართული ძეგლი კი ჩვენი კულტურის ძველ საზღვარგარეთულ კერებშია დაცული.

მოხსენებაში განხილულია ქართული ანბანის წარმოშობის თეორიების, ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერების სპეციფიკასა და თავისებურებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.

ლექციის დრო: 04 დეკემბერი, 2018, 16:00 საათი.      

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!