წიგნის პრეზენტაცია - „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები"

30 მაისი 2018 - 30 მაისი 2018
Share

2018 წლის 30 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია  -  „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები". ავტორები: გოდერძი ნარიმანიშვილი, ნინო შანშაშვილი, მარინე კვაჭაძე.

ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში. წიგნში წარმოდგენილია თრიალეთის ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე, შესწავლილია რეგიონის როლი და მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში. ნაშრომში მოცემულია ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზოგადი დახასიათება, მათი დღევანდელი მდგომარეობა. ვფიქრობთ, თრიალეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ეპოქის ძეგლის ერთ ნაშრომში თავმოყრით რეგიონის ისტორიის სრული სურათის წარმოჩენა გახდება შესაძლებელი, რაც მხარის და საქართველოს ისტორიის ნაკლული მონაკვეთების შევსებას შეუწყობს ხელს.

წიგნში წარმოდგენილი მასალები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ საქართველოსა და კავკასიის არაერთი კარდინალური საკითხის განხილვას და გადაჭრას. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.