საერთაშორისო კონფერენცია: „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის"

14 დეკემბერი 2017 - 16 დეკემბერი 2017
Share

საერთაშორისო კონფერენცია 
„საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის"
ეძღვნება სამხრეთ კავკასიაში პირველი გერმანელების დასახლებების
დაფუძნების 200 წლის იუბილეს

2017 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის", რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი გერმანელების დასახლებების გაჩენის 200 წლის იუბილეს. 

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, ეს საიუბილეო თარიღი შესულია მნიშვნელოვან თარიღთა სიაში, რომლებიც 2016-2017 წლებში აღინიშნება. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ გერმანელი, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სპეციალისტები, ხორციელდება იუნესკოს დაფინანსებით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.

კონფერენციაზე განხილული იქნება გერმანელი კოლონისტების წარსული და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მათი კულტურული მემკვიდრეობა, და ასევე, სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება, რომ აღნიშნული მემკვიდრეობა გახდეს სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული განვითარების იმპულსის მიმცემი.

ამ ღონისძიების ფარგლებში, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 11:30 საათზე გაიხსნება გამოფენა „საზღვრებს მიღმა - გერმანელები სამშობლოს ძიებაში ვურტემბერგსა და კავკასიას შორის". ეს გამოფენა მომზადდა 2016/2017 წლებში კულტურისა და მეცნიერების კავშირის - EuroKaukAsia, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების პრეისტორიის მუზეუმისა და აღმოსავლეთ ევროპის კულტურის გერმანული ფორუმის თანამშრომლობით, რომელსაც ხელს უწყობს გერმანიის მთავრობის რწმუნებული კულტურისა და მედიის საკითხებში. გამოფენა გერმანიაში მომზადდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. ის წარმატებით განხორციელდა გერმანიის რამდენიმე ქალაქსა და აზერბაიჯანში. თბილისში გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ეწყობა.

კონფერენცია თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შაბათს, 16 დეკემბერს, დაგეგმილია გასვლითი სესია ასურეთსა და ბოლნისში, სადაც კონფერენციის მონაწილეები ეწვევიან ძველ გერმანულ დასახლებებს და ბოლნისის რეგიონულ მუზეუმს, რომლის გახსნაც იგეგმება 2018 წლის გაზაფხულზე.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ა. ფურცელაძის ქ. 1.