ახალი საგანმანათლებლო პროგრამა - „ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში"

14 ნოემბერი 2017 - 14 ნოემბერი 2017
Share

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში", რომელიც გულისხმობს თურქული ენის შესწავლას მუზეუმის ექსპოზიციის საშუალებით.

აღნიშნულ პროგრამას საფუძველი ჩაეყარა თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და მისი მეუღლის, ქალბატონ სიმაი გუმრუქჩუს ინიციატივით. მათ ხელი შეუწყვეს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრსა და იუნუშ ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრს შორის. ამ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და, ამავდროულად, დაეხმარება თურქული ენის შესწავლაში. ანალოგიური ინიციატივა პირველად რამდენიმე წლის წინ დაინერგა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა თბილისის გოეთეს ინსიტუტს შორის და დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოხარულია, რომ ეს წარმატებული გამოცდილება ახლა უკვე თურქული კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს თურქეთის საელჩოსთან საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო არაერთი გამოფენა, საჯარო ლექცია თუ კონფერენცია, სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამა და სხვა. უკანასკნელ წლებში მუზეუმის კოლექციას, საელჩოსა და თურქ ხელოვანთა კეთილი ნებით, შეემატა რამდენიმე ექსპონატი. აღნიშნული ღონისძიებები ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეს ემსახურება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. პრეზენტაციის ფარგლებში ჩატარდება პირველი საჩვენებელი გაკვეთილი.

პრეზენტაციის დრო15 ნოემბერი,11:00 საათი

მისამართიდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.