CIDOC 2017 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი...

26 სექტემბერი 2017 - 29 სექტემბერი 2017
Share

ICOM CIDOC-ისა (სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანაორგანიზატორობით (პარტნიორები: გეტის ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) 2017 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი..."

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: სამუზეუმო დოკუმენტაციის ევოლუციური განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის მენეჯმენტი, სამუზეუმო დოკუმენტაციის თანამედროვე სტანდარტები, არქეოლოგიური მასალების დოკუმენტირება, სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო ქსელის გამოყენება კვლევისა და განათლების ხელშესაწყობად; 21-ე საუკუნის გამოწვევები - ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა სამუზეუმო დოკუმენტაციის მეშვეობით; სამუზეუმო დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. კონფერენციის ფარგლებში, 25 სექტემბერს ჩატარდება უფასო პროფესიული ვორკშოპები.

 კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 140-ზე მეტი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი მსოფლიოს 51 ქვეყნიდან. მათ შორის, ტეხასის (აშშ), მელბურნის (ავსტრალია), ედინბურგის (შოტლანდია), მილანის (იტალია) როტერდამის ერაზმუსის (ნიდერლანდები), ოსლოს (ნორვეგია), ათენის (საბერძნეთი), პორტოს (პორტუგალია), ფლორენციის (იტალია), კანაზავას (იაპონია), რეინვარდტის აკადემიისა (ნიდერლანდები) და სხვა უნივერსიტეტების, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, პოლ მელონის ბრიტანული ხელოვნების ცენტრის (დიდი ბრიტანეთი),  იელის ბრიტანული ხელოვნების ცენტრის, გეტის კვლევითი ინსტიტუტის (აშშ), ნიდერლანდებისა და კვიპროსის კვლევითი ინსტიტუტების, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, პოლონეთის მუზეუმებისა და კოლექციების ინსტიტუტის, ლონდონის ეროვნული გალერეის, ბელგრადის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ასევე, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს და ესტონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს მუზეუმების საქმიანობის გაუმჯობესებას, მუზეუმების პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავებას.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი (26-27 სექტემბერი), ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (28-29 სექტემბერი).

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.cidoc2017.com, კონფერენციის პროგრამა: http://www.cidoc2017.com/432841850

საკონტაქტო ინფორმაცია: ლანა ქარაია, ტელ: 593478164, ელ-ფოსტა:lana.karaia@gmail.com