ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში"

04 მაისი 2017 - 04 მაისი 2017
Share

2017 წლის 4 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში".

შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები და მათ შორის ხატები,  ძირითადად სასულიერო პირთა მიერაა შექმნილი. ისინი მოღვაწეობდნენ როგორც ადგილობრივ ეკლესია-მონასტრებში, ისევე უცხოეთში არსებულ სავანეებში. საქართველოში მათი შემოქმედების ნაყოფი ძირითადად სახელმწიფო საცავებშია დაცული, რომელთაგან უმთავრესია საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისის, მესტიის, უშგულის მუზეუმები).  ხატების  ნაწილი ინახება სვანეთის ეკლესია-მონასტრებშიც.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ხატები, რომლებიც სინისა და ათონის მთებზეა დაცული. ისინი ფერწერულია და ბიზანტიური ხატწერის ცნობილ ძეგლთა კატეგორიას ეკუთვნის. მათ გარდა ქართული ხატები ინახება ევროპის, ამერიკისა და რუსეთის საცავებშიც.

ლექციაზე საუბარი იქნება უცხოურ კოლექციებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იმ უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე, რომლებიც განსაკუთრებით ღირებულია მხატვრულ-შინაარსობრივი თვალსაზრისით და რომელთაც ძალზე ახლო პარალელები ეძებნება, ერთი მხრივ, საქართველოში არსებულ ხელოვნების ნიმუშებთან, მეორე მხრივ კი ბიზანტიურ ხატებს შორის. 

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1