ნინო ჩიხლაძის ლექცია: „შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიათა მოხატული კანკელები“

20 აპრილი 2017 - 20 აპრილი 2017
Share

2017 წლის 20 აპრილს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ჩიხლაძის ლექცია: „შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიათა მოხატული კანკელები".

აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტურგიის შესაბამისად ტაძრების ინტერიერებში გამართული არქიტექტურული კონსტრუქცია - კანკელი, შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიებში მხატვრული ფორმისა და მასალის განსაკუთრებული მრავალგვარობით გამოირჩევა. ქვის, ხის თუ ალებასტრის რელიეფური სამკაულით მორთულ მაღალმხატვრულ კანკელებთან ერთად, ადრეული შუა საუკუნეებიდანვე თანაარსებობს მოხატული კანკელებიც. გამორჩეულ მხატვრულ სრულყოფილებასა და მრავალფეროვნებას სვანეთის XI-XIII საუკუნეების მაგალითები გვიჩვენებს.

ქართულ ეკლესიებში დამკვიდრებული დაბალი და ღია კანკელის ტრადიციული ტიპი გვიან შუა საუკუნეებში პოლიტიკურ-იდეოლოგიური გავლენით გარკვეულ ცვლილებას განიცდის. იცვლება როგორც მოხატულ კანკელთა არქიტექტურული სტრუქტურა, ისე მათზე დატანილ გამოსახულებათა იდეურ-შინაარსობრივი მხარე. XVI საუკუნიდან, პოსტბიზანტიური წრის მართლმადიდებელი ქვეყნების კანკელებისა და იკონოსტასების მხატვრული დეკორის მსგავსად, საქართველოშიც ვრცელდება კანკელები, რომელთა მოხატულობასაც "ვედრების" რიგის ხატები წარმოადგენს. XVII საუკუნიდან კი ჩნდება საუფლო სცენებითა და ცალკეული ხატ-გამოსახულებებით მოხატული, იკონოსტასის ტიპის კანკელები.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.