ერმილე მაღრაძის ლექცია „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა”.

09 მარტი 2017 - 09 მარტი 2017
Share

2017 წლის 9 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ერმილე მაღრაძის ლექცია: „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა".

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ რეგიონებში გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივად არსებობდნენ ტრადიციული საიუველირო სახელოსნოები. სწორედ მათ შექმნეს ქართული შუა საუკუნეების მდიდრული საოქრომჭედლო ტრადიციების წინაპირობა.

ლექციის თემაა ადრეანტიკური კოლხური საოქრომჭედლო ხელოვნების კერები. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ვანის, ისე ყვირილის ზემო წელის აუზში ადგილობრივად, მრავალი საუკუნის განმავლობაში ტრადიციულად მოქმედ სახელოსნოთა მკაფიო სურათი. ეს კერები თავიანთ სახელოვნებო და ხელოსნურ ტრადიციებს მოგვიანებით გადასცემენ შუა საუკუნეების სახელოსნოებს, სადაც შეიქმნა ჭედური ხელოვნებისა და ტიხროვანი მინანქრის მრავალი შესანიშნავი ნიმუში.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1