ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ

28 თებერვალი 2017 - 28 თებერვალი 2017
Share

დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა ცხადყოფს, რომ კოლხეთის მითიური ქვეყანა სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდა. ვანში აღმოჩენილი ნივთები იასონისა და ოქროს საწმისის მითს უკავშირდება და ადასტურებს, რომ კოლხეთი ოქროთი მდიდარი რეალური ქვეყანა იყო. ხელოვნების ეს შედევრები ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, ხოლო კოლხეთის სამეფო - საქართველოს კულტურული იდენტობის მთავარი საყრდენი.

28 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია „ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ“.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვანის განვითარების გეგმაზე, მუზეუმის როლზე, როგორც რეგიონის მთავარ კულტურულ-საგანმანათლებლო კერაზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე. პრეზენტაციის შემდეგ,  სტუმრებმა ჩვენი ქვეყნის  საგანძურთან ერთად, იხილეს ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად  აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები. ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ვანიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. ვანი - ძველი კოლხეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი, ძვ.წ. VIII-I საუკუნეების სატაძრო ქალაქი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული თავისი უნიკალური აღმოჩენებით მუდმივად საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 2007-2009 წლებში ვანში აღმოჩენილმა ნივთებმა ევროპისა და აშშ-ს წამყვან მუზეუმებში ასი ათასობით მნახველი აღაფრთოვანა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომელიც გულისხმობს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოწყობასა და მუზეუმის აღჭურვას სპეციალური ინვენტარით. 1985 წლიდან ამ დრომდე მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა და ის რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.